Quantcast
Channel: ხელოვნების მახე
Viewing all articles
Browse latest Browse all 176

იზა მირანდა: იტალიური კინოს პირველი ვარსკვლავი, რომელიც ყველამ დაივიწყა

$
0
0

რამდენიმე წლის წინ, ხუთი რეჟისორის კოლაბორაციულ ფილმს, „ჩვენ, ქალები“ ვუყურე. ჯანი ფრანჩიოლინი, ალფრედო გუარინი, რობერტო როსელინი, ლუკინო ვისკონტი და ლუიჯი ზამპა ცდილობდნენ შერჩეული მსახიობები მაყურებლისთვის წარმოეჩინათ როგორც რიგითი ქალები (ინგრიდ ბერგმანი, ანა მანიანი, ალიდა ვალი, იზა მირანდა და სხვები) და არა როგორც ლეგენდარული კინოვარსკვლავები. ასე გავიგე იტალიელი მსახიობის, იზა მირანდას არსებობის შესახებ. სხვებისგან განსხვავებით მისი სეგმენტი დრამატული როლით გამოირჩეოდა. მისმა თამაშმა, ენერგეტიკამ და ემოციების ძლიერმა გადმოცემამ, მახსოვს, ძალიან იმოქმედა და მომინდა მისი სხვა ფილმებიც მენახა, თუმცა ინტერნეტ-საიტებზე ვერაფერს მივაგენი. შარშან, როცა შავ-თეთრი კინო მომენატრა, გადავწყვიტე მირანდას ფილმები ტორენტებზე დამეძებნა. ძებნამ შედეგი გამოიღო და ჩემს წინ ნელ-ნელა შეკოწიწდა მირანდას სამსახიობო ოსტატობის მრავლწაზნაგოვანი ხატება, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ყველაზე უცნაური რაც იზა მირანდას სამსახიობო თამაშში და ასევე გარეგნობაში შევნიშნე, შვედ ლეგენდარულ მსახიობთან და შემდგომ ჰოლივუდში განდიდებულ გრეტა გარბოსთან საოცარი მსგავსება იყო. მირანდას თამაშში ზოგიერთი მომეტი პირდაპირ გარბოს თამაშის დეჟავიუს მიტოვებდა. მიუხედავად ამისა, მირანდას ჰქონდა საკუთარი, განსხვავებული ჟესტიკულაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთ მსახიობსა და პიროვნებას, იზა მირანდას ეკუთვნოდა. ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ გარბოს სახელი დღესაც ყველგან გვხვდება, მირანდა კი თითქმის, სრულიად გამქრალია.

რა მოხდა ისეთი მირანდას ბიოგრაფიაში, რამაც მსახიობის დავიწყება გამოიწვია, მსახიობისა, რომელიც ერთ დროს მთელი ევროპის უდიდესი კინოვარსკვლავი და სათაყვანებელი ქალი იყო. ამის გასაგებად მხოლოდ შემორჩენილი ტექსტებისა და ცნობების წაკითხვაა საჭირო. გამიმართლა, როდესაც გუგლში გადავაწყდი თანამედროვე იტალიის მკვლევარ-ისტორიკოსის, სტივენ განდლის წიგნს „მუსოლინის ოცნების ქარხანა: კინოვარსკვლავები ფაშისტურ იტალიაში“ (2013 წ.) მკვლევარი წიგნში ფაშისტური იტალიის პერიოდში არსებული კინოს გამოწვევებს იკვლევს და ასევე „კინოვარსკვლავის“ ფენომენის დაბადებას.


წიგნის პირველ ნაწილში საუბარია ფაშიზმის, კინოსა და ვარსკვლავობის მიმართებებზე იტალიაში. როგორ წარმოიშვა კინოვარსკვლავობის კულტი და კომერციული კინო. მაყურებლის დამოკიდებულება კინოვარსკვლავების მიმართ და სხვა. მეორე ნაწილში საუბარია კონკრეტულ კინომოღვაწეებზე: იზა მირანდა, ვიტორიო დე სიკა, ასია ნორისი, ამედეო ნაზარი, ფოსკო გიაჩეტი, ალიდა ვალი და მირია დი სან სერვოლო. მესამე ნაწილში განდლი მიმოიხილავს, თუ რა მოხდა ფაშიზმის შემდეგ იტალიაში, სამოქალაქო ომის, ლიბერალიზმისა და რეკონსტრუქიის დროს, რა დაემართა კინოს და სხვა.

იზა მირანდა იყო პირველი იტალიელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კინოინდუსტრიაში. მირანდას ვარსკვლავობა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა იტალიის კინოსთვის, მისი როგორც მასიურ სპექტაკლად გადაქცევაში. პირველი ფილმი, რომელმაც სახელი გაუთქვა, მაქს ოპულის „ყველას ქალბატონია“ (1934 წ.). სწორედ ეს ფილმი იყო ჰოლივუდის გამეორების მცდელობა იტალიაში, როდესაც შეიქმნებოდა ვარსკვლავის გაფეტიშების ბაზა, თუმცა ფილმი კომერციულად წარმატებული არ გამოდგა. ფილმში მირანდას გმირი, გები, წარმოადგენდა ქალის და ქალურობის იდეალიზებულ სახე-ხატებას, ყველა კაცის სასურველ ობიექტს. გები წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, სხვა ქალაქში მიემგზავრება და კინოვარსკვლავი ხდება, თუმცა ბოლოს, ყველაფრისგან გულგატეხილი და სასოწარკვეთილი, თავს იკლავს. გების გმირი სწორედ თავისი ფატალურობითაა მიმზიდველი, სადაც ის ფილმ ნუარეს femme fatale-ის სქემატური და მანიპულატორი ქალებისგან განსხვავებით, პასიური და დამყოლია.

"ყველას ქალბატონი", 1934 წ.
“ყველას ქალბატონის“ თემატიკამ ხელი შეუწყო მირანდას მთელი შემდგომი კარიერა იგივე სტრუქტურაში მოექცია. 1934-1937 წლებში სულ უფრო იზრდებოდა მისი პოპულარობა. როგორც ცნობილია ამ პერიოდში, მან 28 ათასამდე წერილი მიიღო თაყვანისმცემლებისგან. წერილების უმატესობა ახალგაზრდა დაქორწინებული ქალებისგან იყო, რომლებიც მას ნათლიობას სთხოვდნენ, რადგან პირველ შვილს სწორედ „მირანდას“ არქმევდნენ. „იმ წლებში ჩემი წყალობით იტალიაში სახელი „მირანდა“ საოცრად პოპულარული იყო“, გაიხსენა მოგვიანებით მსახიობმა.

მართალია გების გმირი ტრაგიკულად ამთავრებდა სიცოცხლეს, მაგრამ მაყურებელმა მასში ასევე ქალის სხვა როლები დაინახა: მეგობარი, ქალიშვილი, და, საყვარელი, სურვილის ობიექტი და მისაბაძი მაგალითი.

მირანდას პოპულარობის პიკი 1943 წლამდე გაგრძელდა, თუმცა ვარსკვლავური სტატუსი ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა. სწორედ ამ წლებში მისი სახელი და გვარის გვერდით გრეტა გარბოს სახელ-გვარიც ჩნდება, როდესაც კინოკრიტიკოსი მორანდო მორანდინი წერს: „მირანდა -  ეს ამერიკელი femmes fatales ადგილობრივი ექვივალენტია, აქაური გრეტა გარბო“. დროთა განმავლობაში მირანდას ვარსკვლავურ პერსონაში იჩაგრება და იკარგება მისი ორი ნამდვილი არსი: მსახიობის და ქალის. მისი ყველა როლი თუ ყველა ნაბიჯი უკვე განიხილებოდა როგორც ვარსკვლავი, ეს კი თავის ჩარჩოებს და წნეხს ქმნიდა.


კიდევ ერთი მსგავსება გარბოსთან: მირანდა ლამაზად არ მიაჩნდათ. მისი კუთხოვანი სახე და ცხვირი იდეალურად არ ითვლებოდა. მის გარეგნობაში ერთგვარი სიცივე (“a touch of coldness”) იგრძნობოდა. სწორედ ამიტომაც, ხშირად ამბობდნენ, რომ მასში რაღაც ენიგმატური იყო. კრიტიკოსების, კარდირონის და ჰოკჰოფლერის თქმით, ის ერთგვარად, „ჰოლივუდის იტალიური ჩანაცვლება იყო, მარლენ დიტრიხის ღიად სექსუალური პროვოკაციულობითა და გრეტა გარბოს მომნუსხავი სულიერი სიღრმით, დიტრიხის გრძელი ფეხებითა და გარბოს შემაშფოთებელი თვალებით“. მთელი კარიერის განმავლობაში პრესა მას „იტალიელ გარბოს“, „ჩვენ გარბოს“ ან „იტალიელ მარლენ დიტრიხს“ უწოდებდა. მისი სახელი, ყოველთვის ამ ორი დიდი მსახიობის შემდეგ იდგა. როგორც ზარა ლენდერით ჩანაცვლდა ნაცისტურ გერმანიში დიტრიხი და გარბო, ისე მირანდა იყო იტალიელებისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავური კულტის ჩამნაცვლებელი.

მალევე, მირანდას ევროპის სხვა ქვეყნებშიც (ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია...) იღებენ, თუმცა ყველა ამ ფილმში რეჟისორები მირანდას კვლავ როგორ დიტრიხის და გარბოს კლონს ხედავდნენ. იტალიელ კრიტიკოსებს ეს ფაქტი არ გამოჰპარვიათ. ადოლფო ფრანსი წერდა: „ისინი მას კვლავ აიძულებენ ეკრანზე იყოს მარლენ დიტრიხი და გრეტა გარბო. იმედი ვიქონიოთ, რომ ესენი მისი ასეთი ტიპის უკანასკნელი როლები იქნება და საბოლოოდ დაემშვიდობება მანერულ და ზედმეტად დამტკბარ გმირებს, როგორსაც ევროპელი რეჟისორები აიძულებდნენ განესახიერებინა „ყველას, ქალბატონის“ წარმატების შემდეგ“.

დადგა ის დღეც, როდესაც ჰოლივუდმა კიდევ ერთი ევროპელი მსახიობი გადაიბირა. 1937 წელს მირანდა გემით გენუადან გავიდა. იტალიელებისთვის ეს ძალიან მძიმე გადასატანი იყო. ყველას აინტერესებდა რა მოხდებოდა ამერიკაში. Paramount-მა მირანდას ეკრანული გარდასახვა იტალიაში დიდი ხნის მერე გამოაჩინა, თუმცა ფოტოები იმავე წელს მოედო იტალიის ქალაქებს. ამ ფოტოებზე მირანდა გლამურულ, მბრწყინავ ქალბატონს წარმოადგენდა. მსახიობის ექსტრაორდინალური ტრანსფორმაცია სტუდიის დიზაინერების, ვიზაჟისტების, სტილისტებისა და ფოტოგრაფების დამსახურება იყო და აჩვნებედა, თუ რამდენად უკან იდგა იტალიური კინო. მირანდას გაჰოლივუდელებას ერთი დადებითი შტრიხიც აღმოაჩნდა. აქამდე იტალიელი რეჟისორები მას მხოლოდ დრამატულ როლებში ხედავდნენ, რომელიც მაყურებელს ცრემლს მოგვრიდა, ჰოლივუდში კი პირველად მირანდას სახეზე ღიმილი გამოჩნდა. ამერიკაში მირანდა გაიფურჩქნა, ის სიცოცხლით სავხე, ახალგაზრდა და ლამაზი იყო.

იტალიურ „მსახვრალი ქალის“ კლიშეს გაქცეულ მირანდას, ამერიკაში დახვდა „კვლავწარმოებით“ შეპყრობილობა. იქ მირანდა კი გააცოცხლეს, მაგრამ სამაგიეროდ დაამსგავსეს დიტრიხს. ეს მსგავსება ამ ფოტოებზეც თვალშისაცემია.


მირანდას ჯორჯ კიუკორი "Zaza"-ში იღებს, თუმცა სამ დღეში, მას კლოდეტ კოლბერტით ანაცვლებენ. ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად მსახიობის ცუდი ინგლისური სახელდებოდა. სხვა მიზეზად კი, დიდი სადებიუტო რისკი ამერიკული ეკრანისთვის. დებიუტი მაინც შედგა ფილმით "Hotel Imperial" (1939 წ.), სადაც მისი როლი დიტრიხს უნდა შეესრულებინა. მეორე ამერიკული ფილმი "Adventure in Diamonds" (1940 წ.) იყო. პირველისგან განსხვავებით ეს ფილმი იტალიელმა მაყურებელმა 1947 წელს იხილა.

საინტერესოა იზა მირანდას პოლიტიკური პოზიციები თუ ემთხვეოდა დიტრიხისა და გარბოს პოზიციებს (ცნობილია ამ ორი მსახიობის კრიტიკული დამოკიდებულება ფაშიზმის მიმართ). ამერიკიდან წამოსული მირანდა ერთ-ერთ ჟურნალში ებრაელ მიგრანტებს სიმპათიას უცხადებს, რაც იტალიელ პოლიტიკოსებში უკმაყოფილებას იწვევს. სამშობლოში დაბრუნებული მირანდა დაკვირვების ქვეშაა. ის ფაშისტური იერარქიის რამდენიმე წარმომადგენელს თხოვს კიდეც, რომ მუშაობის უფლება მისცენ. მსახიობმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, სამუშაოს დაწყებს სანაცლოდ, სექსი მოსთხოვა. გამოძიებისას დადგინდა: მირანდას ქმარი ადრე კომუნისტი იყო, ხოლო მამა, ანტიფაშისტი. ასე იყო თუ ისე, რამდენიმე იტალიელი პროდიუსერისა და კინოკრიტიკოსის არაოფიციალური ბოიკოტის წყალობით, მირანდამ კვლაკ გააგრძელა კინოში გადაღება. ამას წინ უძღვოდა მუსოლინთან პირადი შეხვედრაც. მსახიობი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ის არც ისე მამაცი აღმოჩნდა თავის ქცევებში, რადგან იტალიაში მას დედა ჰყავდა.

"მალაპაგას კედლებთან", 1949 წ.
მირანდა იყო ერთ-ერთი იმ მსახიობთაგან, რომელმაც უარი განაცხადა ჰიტლერის მოწვევაზე. მიუხედავად დიდებისა, ცხოვრების ჩვეულებრივი წესით ცხოვრობდა. თავს არიდებდა ფესტივალებს, გალა-კონცერტებსა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებს.

1949 წელს იზა მირანდას სამსახიობო ოსტატობა ზენიტს აღწევს. მისი თამაში დაცლილია ყოველგვარი მანერიზმისგან და იდეალიზებული ქალის ხატებისგან. ის არც სხვა მსახიობებს გვაგონებს. ეკრანზე ვხედავთ მხოლოდ იტალიის სათაყვანებელ მსახიობ ქალს. ფილმში, „მალაპაგას კედლებთან“, უამრავი გერმანელი, ფრანგი თუ პოლონელი პერსონაჟის შემდეგ, ის თამაშობდა იტალიელ ქალს - მარტა მანფრედინის. ამავე წელს მირანდას გადაეცა ოქროს პალმის რტო კანის კინოფესტივალზე, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს. ის იყო მეორე მსახიობი ფესტივალის ისტორიაში, რომელმაც ეს პრიზი მიიღო.

50-იან წლებში მირანდა თეატრის სცენაზე გამოდის და სატელევიზიო ფილმებში ცდის ბედს. 60-იან წლებში სერიალების ეპიზოდურ სერიებში ჩნდება და კინოში მესამეხარისხოვანი როლებით კავდება.


იზა მირანდა რომში, 73 წლის ასაკში, 1982 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა, დაბადების დღიდან სამ დღეში. ბიოგრაფი ჯუზეპე ალესი ამ სიტყვებით ამთავრებს მის მოკლე ჩანაწერს: „ის მრავალმხრივი ნიჭის მქონე მსახიობი იყო, საოცრად გონიერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც უსამრთლოდ მიივიწყეს მისი სიცოცხლის ბოლო წლებში, იმათაც კი, ვისაც წესით, უნდა ხსომებოდა“.

Viewing all articles
Browse latest Browse all 176

Trending Articles