Quantcast
Channel: ხელოვნების მახე
Viewing all articles
Browse latest Browse all 176

2010-2019: ყოველი წლის საუკეთესო ფილმი

$
0
0

ჩემზე ყოველთვის ისეთი კინო მოქმედებს, მირჩევნია, მხიბლავს თუ მიზიდავს, სადაც რეჟისორი არამხოლოდ სცენარის, არამედ ხმის, ფერის, განათების, მთლიანი პროცესის რეჟისორია. კინო, რომელიც ცდილობს გასცდეს ტექსტს, შექმნას რაღაც ისეთი, რაც ჯერ არარსებულია, არდანახულია, მთლიანად „გამოგონილია“. იდეა, რომელიც ხელოვნების ამ ფორმაში, კინოს ფორმაში შეისხამს ხორცს. ასეთი კინო პირველ რიგში აღარ გვაძლევს შედარების საშუალებას და მას, როგორც ხელოვნების დარგს, მეტ ავტორიტეტს, თვითმყოფადობასა და დამოუკიდებლობას ანიჭებს, გვანახებს, რომ ის არაფრით  ჩამოუვარდება ხელოვნების სხვა განხრებს, რომ მასაც შესწევს ძალა ჩამოიყალიბოს საკუთარი, ორიგინალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მხატვრული მეტყველება.

შევეცდები გასული ათწლეულის, 21-ე საუკუნის 10-იანი წლების საუკეთესო ფილმები დავასახელო და მათი შეფასების უმთავრესი წინაპირობა, სწორედ დასახელებული მოსაზრება იქნება. ვიმოძრავებ, ერთგვარად „სუბიექტურად ობიექტურობის“ ჩარჩოებში და კინოს პირველ რიგში ისე მივუდგები, როგორც ხელოვნების თანასწორ დარგს.

2010 წელი: „პოეზია“, რეჟ.: ჩან-დონ ლი


სხვა გამორჩეული ფილმები: „სულის სიმტკიცე“, რეჟ.: ძმები კოენები; „სერბული ფილმი“, რეჟ.: სერჯან სპასოიევიჩი; „შავი გედი“, რეჟ.: დარენ არონოფსკი; „ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს“, რეჟ.: აპიჩატპონგ ვერასეტაკული; „ცეცხლის წამკიდებელნი“, რეჟ.: დენი ვილნიოვი.

„პოეზია“, პოეტური კინოს პოეზიაა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. გადაღების და სიუჟეტის მდორე რიტმი, ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის თუ ხრიკის უგულებელყოფა, საგნებზე დაკვირვება და მჭვრტელობითობა - ეს ყველაფერი ფილმს დაუვიწყარ ემოციურ მუხტს სძენს.
60 წლის მოხუც ქალს, მიიას, მეხსიერება უქრება. შემორჩენილი მახსოვრობის ტრანსფორმაციისთვის ერთადერთი საშუალება პოეზიაა, სადაც სიტყვების საშუალებით მოგონება უნდა აისახოს. მიიას პირიდან ამოსული ყოველი პოეტური სტრიქონი ფილმის ყველა უჯრედის მეხსიერების შემადგენელ ნაწილად გადაიქცევა.
ჰოლივუდის ნაწარმს შეჩვეულ მაყურებელს წინ უცხო ემოციებიის განცდა ელის. „პოეზია“ ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო, რომელმაც სამხრეთ კორეა, როგორც რეგიონი და სამხრეთ კორეის კინემაგოტრაფი აღმომაჩენინა, ზოგადად, ინტერესი გამიღვივა აზიური კინოს მიმართ.

2011 წელი: „ტურინის ცხენი“, რეჟ.: ბელა ტარი



სხვა გამორჩეული ფილმები: „განქორწინება“, რეჟ.: ასგარ ფარჰადი; „თავშესაფარი“, რეჟ.: ჯეფ ნიკოლსი; „მელანქოლია“, რეჟ.: ლარს ვონ ტრიერი; „პინა“, რეჟ.: ვიმ ვენდერსი.

რაც უფრო დაჩქარებული და ტურბულენტური იყო ჩემი და სხვების ცხოვრება, მით მეტად მსურდა ხელოვნებაში რაღაც ისეთის განცდა, რაც მოცემული რიტმიდან ამომაგდებდა, შემაყოვნებდა და დროსთან დამაპირისპირებდა. სწორედ ამ წლებში გავიცანი უნგრელი რეჟისორი და „სატანტანგოს“ ნახვით კიდევ უფრო შევიყვარე ისეთი კინო, რომელიც განსაკუთრებული ენით მეტყველებდა ჩემთან და აქამდე არგანცდილ ემოციებს განმაცდევინებდა.

„ტურინის ცხენის“ ნახვის შემდეგ კარგა ხანს ვეღარაფერს ვუყურებდი. ისეთი განცდა მქონდა, რომ ტარმა ამ ფილმით კინო დაასრულა, ყველაფერი თქვა და გადმოსცა - კინოკამერის ხელში აღება უკვე აფსურდი იყო. პირადად მისთვის ასეც აღმოჩნდა, არაერთხელ აღნიშნა ინტერვიუებში, რომ ის „ტურინის ცხენის“ შემდეგ მხატვრულ ფილმს ვეღარ გადაიღებს.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, კინემატოგრაფის ცხენმა სვლა განაგრძო.

2012 წელი: „პიეტა“, რეჟ.: კი-დუკ კიმი


სხვა გამორჩეული ფილმები: „მკვლელობის აქტი“, რეჟ.: ჯოშუა ოპენჰაიმერი; „სახლში“, რეჟ.: ფრანსუა ოზონი; „სიყვარული“, რეჟ.: მიხაელ ჰანეკე; „გორაკებს მიღმა“, რეჟ.: კრისტიან მუნჯიუ; „სინათლის მერე წყვდიადია“, რეჟ.: კარლოს რეიგადასი.

აზიური დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ძალადობის სცენების ბუკვალური, გრაფიკული ჩვენებაა. ტრიერის, ლანთიმოსის თუ ჰანეკეს შეჩვეული დასავლელი მაყურებლისთვის ის წესით არც ისე შოკისმომგვრელი უნდა იყოს. სწორედ ასეთი ფილმია კიმის მე-17 ნამუშევარი, რომელიც დედა-შვილის ურთიერთობის უცნაურ ამბავს გვიყვება.

შესაძლოა „პიეტა“ არ არის სამხრეთ კორეელი რეჟისორის საუკეთესო ფილმი, თუმცა ის ნამდვილად მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილმად შეგვიძლია დავასახელოთ. კიმის ფილმების სცენარში შავ ლაქებსაც იპოვით და სამსახიობო შესრულებაც ცოტა უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებს (ბოლო წლების ფილმებზე ამას ვეღარ ვიტყვით) ჯერ არნახულ სამყაროში გამოგზაუროს, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც აბსტრაქტული, მეტაფორულია, ახსნა-განმარტებების გარეშე, სადაც მაყურებელი საკუთარ ინტუიტურ პასუხს პოულობს.

2013 წელი: „კანის ქვეშ“, რეჟ.: ჯონათან გლეიზერი


სხვა გამორჩეული ფილმები: „ჩრდილოეთი, ისტორიის საზღვარი“, რეჟ.: ლავ დიაზი; „ბორგმენი“, რეჟ.: ალექს ვან ვარმერდამი; „ინდიგოსფერი განწყობა“, რეჟ.: მიშელ გონდრი.

ვიზუალურად დახვეწილი, ატმოსფერული და მეტაფორულია საი-ფაი დრამა „კანის ქვეშ“, რომელიც იდეალური მუსიკალური გაფორმებითა და პოპკულტურის მიმზიდველი სხეულის (სკარლეტ იოჰანსონი) მშვენიერი გათამაშებით მაყურებელს ნუსხავს: „უცხო ქალი“ მკვლელი მონსტრი აღმოჩნდება, შემდეგ - ყველაზე ადამიანური ადამიანებს შორის.

ბრიტანელი რეჟისორის, ჯონათან გლეიზერის უცხოპლანეტელი ყველაზე ნამდვილი, რეალური, ხელშესახები უცხოპლანეტელია რაც კი კინოში შეიძლება ნახოთ. ფილმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამხელა ძალა აქვს კინოს, როგორც ხელოვნებას, თავისი ვიზუალური ენის, კოდების, სახე-ხატების გამოყენებით. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო გლეიზერის ნამუშევარმაც ის კრიტიკა მას-კულტურისგან, როდესაც ამბობდნენ, „ბევრი რამ აუხსნელი იყო“, „ფილმს შინაარსი არ აქვს“, „იქ არაფერი ხდება“. ტექსტზე დაფუძნებული ფილმების ნახვას შეჩვეული უმრავლესობისთვის, „კანის ქვეშ“ ნამდვილი თავსატეხია. საინტერესოა, რომ გლეიზერს 2013 წლის შემდეგ ახალ პროექტზე აღარ უმუშავია.

2014 წელი: „ტომი“, რეჟ.: მიროსლავ სლაბოშპიცკი


სხვა გამორჩეული ფილმები: „ზამთრის ძილი“, რეჟ.: ნური ბილგე ჯეილანი; „სიმინდის კუნძული“, რეჟ.: გიორგი ოვაშვილი; „ტურისტი“, რეჟ.: რუბენ ოსტლანდი; „მე ვარ ბესო“, რეჟ.: ლაშა ცქვიტინიძე; “გოგონა ღამით მარტო ბრუნდება სახლში“, რეჟ.: ანა ლილი ამირპური.

უკრაინელი რეჟისორის, მიროსლავ სლაბოშპიცკის „ტომი“ ყრუ-მუნჯი მოზარდების შესახებ, ევროპულ კინოში 2014 წლის მთავარი აღმოჩენაა. ფილმი პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან წარსული სისტემის მიერ სასწავლებელში შემორჩენილ მანკიერ მხარეს გვანახებს. მძაფრი, დამთრგუნველი, დამამცირებელი ატმოსფერო სკამს გაჯაჭვავს და მიუხედავად იმისა, რომ ფილმი უხმოა (ადამიანის ხმისგან დაცლილი და არა ზოგადი საუნდის), ამგვარი სასოწარმკვეთი სიჩუმე, უფრო მეტ შინაგან ხმაურს იწვევს მაყურებელში.

„ტომის“, როგორც ფილმის მთავარი ძალაც, სწორედ ეს გამუდმებული მდუმარებაა, რომელიც გინდა რომ ხმამაღალ ყვირილად გადაიქცეს, როგორც მთავარი გმირის, სერგეის საქციელი ფილმის ფინალში.
ნორმა დესმონდი „სანსეტ ბულვარში“ ამბობს: „არ გვინდა დიალოგები, ჩვენ სახეები გვაქს“. „ტომში“ არც ახლო კადრის (close-up) ტექნიკა ყოფილა გამოყენებული, რაც გვიჩვეებს, რომ კინოში არც დიალოგი და არც სახე არაა საჭირო „ამბის“ მოსაყოლად ანუ უკეთ რომ ვთქვათ, კინოს შესაქმნელად.

2015 წელი: „ბრწყინვალების სასაფლაო“, რეჟ.: აპიჩატპონგ ვერასეტაკული


სხვა გამორჩეული ფილმები: „მიწა და ჩრდილი“, რეჟ.: ცეზარ აუგუსტო აკევედო; „გველთან ჩახუტება“, რეჟ.: ჩირო გუერა; „ლობსტერი“, რეჟ.: იორგოს ლანთიმოსი; „ქეროლი“, რეჟ.: ტოდ ჰეინესი.

ჩრდილოეთ ტაილანდის ერთ პატარა სოფელში, მდინარე კონგოს სანაპიროსთან, რამდენიმე ჯარისკაცი უცნაური დაავადების გამო, საღათას ძილიდან ვერ გამოდის, მათ ლოგინებთან დამონტაჟებული ფერადი სინათლის ილუმინატები კი მკურნალობის უცნაური მეთოდია... მარტო ეს მცირე სინოფსისიც კმარა, მიხვდე, რომ ტაილანდელი რეჟისორის სამყარო სრულიად განსახვავებული, ჯადოსნური და არაორდინალურია. ვერასეტაკულის მაგიურ-პოეტური კინოსამყარო თანამედროვე კინემატოგრაფში დიდი მოვლენაა.

„ბრწყინვალების სასაფლაოში“, მისი სხვა ფილმების მსგავსად, ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა ძლიერი ფონია, მაგრამ მისი კამერა იმდენად დამკვირვებელი, არარეალური, უმოძრაოა, რომ ამქვეყნიური განზომილების ყველა პრობლემა გავიწყდება. ფილმი იმდენად განზოგადებულია, იმდენად ძალუძს მაყურებლის მთლიან ემანაციებს და ინტერპრეტაციებს დაეთმოს, რომ რეჟისორის პირველად ჩანაფიქრს სრულიად გწყვეტს. შეიძლება ეს საფრთხეა, რომლისგანაც ზოგიერთი მაყურებლის წარმოსახვითი ბუნება ვერ დაიცვა. ვერასეტაკულის ფილმებს გახმოვანებისა და სუბტიტრების გარეშეც შეგიძლია უყურო და შედეგი იმაზე დიდი იქნება, ვიდრე მოელოდი. ჯუნგლებისა და ტაილანდური ყოფის გარომანტიზების დიდ საფრთხესთან მდგომი კი ხვდები, რომ ეს შიში ტყუილია, „ბრწინვალების სასაფლაო“ ჰიპნოტური კინოს ბრწყინვალე ნამუშევარია.

2016 წელი: „ქალი, რომელიც წავიდა“, რეჟ.: ლავ დიასი


სხვა გამორჩეული ფილმები: „პატერსონი“, რეჟ.: ჯიმ ჯარმუში; „ლუი XIV-ის სიკვდილი“, რეჟ.: ალბერტ სერა; „უმი“, რეჟ.: ჯულია დუკურნაუ; „მოსამსახურე“, რეჟ.: ჩან-ვუკ პარკი; „ის ქალი“, რეჟ.: პოლ ვერჰოვენი; „ნეონის დემონი“, რეჟ.: ნიკოლას ვინდინგ რეფნი.

ფილიპინელი რეჟისორი, ლავ დიასი სწორედ ამ წელს გავიცანი თბილისის კინოფესტივალზე თავისი ოთხსაათიანი ნამუშევრით, „ქალი, რომელიც წავიდა“. ვერასეტაკულის მსგავსად, მის ფილმებსაც კადრების მდორე, ნელი დინება ახასიათებს (ე.წ. „სლოუ სინემას“ ჟანრში, რასაც ამ ტერმინით მოხსენიებული თითქმის არცერთი რეჟისორი იზიარებს).

ფილმი გვიყვება ქალზე, რომელიც ყოფილი საყვარლის მიმართ შურისძიებას გადაწყვეტს. ტიპიური შურისმაძიებლური ფილმებისგან განსხვავებით, სადაც მეორე მხარე უბრალოდ დამცირებას და სიძულვილს იღებს, დიასთან მთავარი გმირის საშუალებით ადამიანურობას ვიკვლევთ, რას ნიშნავს იყო კეთილი, რა პროცესია საკუთარ თავში ზიზღის აღმოჩენა თუ დათრგუნვა, როგორ ვუპირისპირდებით სურვილებს და ა.შ. და ა.შ. ფილმის ქრონომეტრაჟი ამგვარი დაკვირვებებისთვის სწორედ რომ იდეალური მოცემულობაა.

2017 წელი: „ძილს თავისი სახლი აქვს“, რეჟ.: სკოტ ბარლეი


სხვა გამორჩეული ფილმები: „ნამე“, რეჟ.: ზაზა ხალვაში; “სექსი დურგა“, რეჟ.: სანად კუმარ სასიდხარანი; „მხედარი“, რეჟ.: ქლოე ჟაო; „კანები“, რეჟ.: ედუარდო კაზანოვა; „მისტერ ლონგი“, რეჟ.: საბუ; „ღამით, მარტო ზღვის სანაპიროსთან“, რეჟ.: სან-სო ჰონი; „სხეულისა და სულის შესახებ“, რეჟ.: ილდიკო ენიედი.

ბრიტანელმა ახალგაზრდა რეჟისორმა ათზე მეტი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების შემდეგ, 2017 წელს თავისი სადებიუტო ფილმი „ძილს თავისი სახლი აქვს“ გადაიღო.  ბარლეის კინო სრულიად განსხვავებულ მომზადებას საჭიროებს მაყურებლისგან. ის ძალიან ახლოს დგას ვიდეო-არტთთან. მისი ნამუშევრების ყურებისას სავალდებულოა ბნელი ოთახი და კარგი საუნდის ყურსასმენები. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვა ბარლეის ვიმეოსპროფილზე შეგიძლიათ.

„სხეული როგორც ლანდშაფტი, ლანდშაფტი როგორც სხეული. უხილავი ყოფნა, ხილული არარსებობა... სომატური იმანენტურობა. მიკროკოსმოსური სარკე მაკროკოსმოსურის უსასრულობაში - და პირიქით. ნოუმენალური და ნუმინალური. მისტიკური, რომელიც კოსმოლოგიურს აირეკლავს. ძველი, რომელიც ახალს ხვდება, და მომავალსაც. სინათლე, რომელიც ჩრდილიდან ამოდის. გაგებული, რომელიც კვლავ გაუგებარი ხდება ჩვენთვის. უსაზღვროება, რომელიც ნაჩვენებია, გამომჟღავნებულია საზღვრულობის მიღმიერი საშუალებით. აი, სწორედ ესაა ჩემი შემოქმედება. სწორედ ამის გაზიარებას ვცდილობ, და ყოველ ჯერზე ვმარცხდები. მარცხი კი ნიშნავს, რომ მე ვაგრძელებ“, ასე აღწერს ბარლეი თავის კინოს.

„ძილს თავისი სახლი აქვს“ ერთგვარი აუდიოვიზუალური გამოცდილება, მელოდიური ოცნება და მომაჯადოებელი მედიტაციაა. შეიძლება ბარლეიმ 2017 წლის საუკეთესო ფილმი ნამდვილად არ შექმნა, მაგრამ მთელი მისი პრე-მოღვაწეობა, რაც „ძილით“ დასრულდა, ნამდვილად შთამბეჭდავია.

2018 წელი: „ფავორიტი“, რეჟ.: იორგოს ლანთიმოსი


სხვა გამორჩეული ფილმები: „კლიმაქსი“, რეჟ.: გასპარ ნოე; „დონბასი“, რეჟ.: სერგეი ლოზნიცა; „რეინკარნაცია“, რეჟ.: არი ასტერი; „ბედნიერი ლაზარე“, რეჟ.: ალიჩე რორვახერი; „საზღვარი“, რეჟ.: ალი აბასი; „სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა“, რეჟ.: ლარს ვონ ტრიერი; „ანიჰილაცია“, რეჟ.: ალექს გარლანდი; „ალმოდებული“, რეჟ.: ჩან-დონ ლი; „წვრილმანი მძარცველები“, რეჟ.: ჰიროკაძუ კორეედა.

ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის მეშვიდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ფავორიტი”, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კინოს მხოლოდ თავისი საკუთარი „სამოქმედო გეგმა“ აქვს ადამიანებზე ზემოქმედებისთვის და მნიშვნელობა არ აქვს მისი სიუჟეტი, რომელიმე ნაწარმოებს, ისტორიულ ფაქტსა თუ ჰოლივუდელების საყვარელ „რეალურ ამბავს“ დაეფუძნება.

ლანთიმოსი პერსონაჟებით თამაშობს და ქმნის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ პერსონაჟს, რომელიც ულაპარაკოდ ასევე ბრიტანელი მსახიობის, ოლივია კოლმანის დამსახურებაა. მსახიობი დედოფალ ანას პერსონაჟით ქმნის 21-ე საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ანტიგმირს – ბავშვურ მონსტრ ხელმწიფეს.

ფილმის ფინალური კადრები ყველაზე შთამბეჭდავია: ლანთიმოსი შეუდარებელი ტექნიკით რამდენიმე წუთის განმავლობაში გვიხატავს ებიგეილის (დედოფლის მოახლე)  შემზარავ მომავალს.

2019 წელი: „პარაზიტი“, რეჟ.: ჯუნ-ჰო ბონი


სხვა გამორჩეული ფილმები: „დამშვიდობება“, რეჟ.: ლულუ ვანგი; „ტკივილი და დიდება“, რეჟ.: პედრო ალმოდოვარი; "შუქურა", რეჟ.: რობერტ ეგერსი.

შარშანდელი წელი ჯერ კიდევ ახალია და ბევრი მნიშვნელოვანი კინოსურათი არ მინახავს, ამიტომ შეიძლება „პარაზიტი“ სხვა ფილმმა ჩაანაცვლოს, თუმცა ამ ეტაპზე ის ჩემი ფავორიტია 2019 წლიდან.

„პარაზიტი“ ჩახლართული და დამაინტრიგებელი სიუჟეტით გვიხატავს სამხრეთ კორეის სოციალურ უთანასწორობას. მდიდარსა და ღარიბ მოსახლეობას შორის გაჩენილი ნაპრალი იმდენად ღრმაა, რომ მასში ჩავარდნილი ადამიანებისთვის ტრაგედია გარდაუვალია.

როგორც ჩემი ფავორიტებიდანაც გამოიკვეთა, ამ ათწლეულში აზიის რეგიონი ძლიერი კინონამუშევრებით გამოირჩა. ამაზე მიუთითებს კინოს ყველაზე დიდი ფორუმის, კანის კინოფესტივალის ორი გამარჯვებულიც: ვერასეტაკული და ბონი, რომლებმაც ისტორიაში პირველად თავის ქვეყნებს, ტაილანდსა და სამხრეთ კორეას, პირველი ოქროს პალმის რტო მოუტანეს. ვნახოთ, რა ახალი ტენდენციები გაჩნდება 21-ე საუკუნის 20-იან წლების კინოში.

Viewing all articles
Browse latest Browse all 176

Trending Articles