გენჯის სილამაზით, ცად აშოლტილი ხეებიც კი წელში იდრიკებოდნენ. რომ გაივლიდა, ალუბლის დამაბრმავებელი თეთრი ყვავილები უფერულდებოდნენ, ხოლო ნარინჯი და თურინჯი ტოტებს დაბლა ხრიდა... გენჯი ისეთი ლამაზი იყო, რომ ფიქრობნენ, ნეტა ღმერთი ასე გულმშვიდად როგორ იმზირება დედამიწაზეო. მისი სილამაზით სულშეძრულ და აფორიაქებულ მოკვდავთ მიწაზე მოსვენება აღარ ქონდათ.
ჯერ ნიძიოსჩუმად მოთხრობილი ამბავი იყო, მერე სეი-სიონაგონის მარტოობის ჟამს ჩანაწერები და ახლა მესამე სეფექალმაც შემოიტანა ჩემში თავისი სამყარო - მურასაკი შიკიბუმ კალმით უფლისწული გენჯის ამბავი ჩაწერა, ამ ამბით გულაჩუყებული მკითხველის სახელოები კი ცრემლით დალტობილი დატოვა.
მე-11 საუკუნის იაპონიის ისტორია გენჯის სიცოცხლით ცახცახებდა, სამყარო, სადაც ადამიანები ძალიან ადრე იღუპებოდნენ და მხოლოდ იმას ნატრობდნენ, კიდევ ერთხელ შეეხედათ ღამის ცაზე აბრდღვიალებული მთვარისთვის. ნაღველი და სირცხვილი სამარეში ისტუმრებდა ახალგაზრდა ბანოვანებს, მკვდრეთით აღმდგარი სულები მათ სხეულებს ეუფლებოდა, ხოლო ღირსებააყრილი სხეული შვებას მხოლოდ გარდაცვალებაში ჰპოვებდა...
მაინც როგორ გაიგება გენჯის სილამაზე ახლა, ამ დროის გადმოსახედიდან? ჩემს წარმოსახვას თავს ვანებებ და ძველ პერგამენტებსა და ჩანახატებში ვიქექები, იქნებ რომელმა უბადლო ოსტატმა ასახი მისი მშვენიერება... თუმცა სიტყვა, მეტად შემაწუხებლად აღარ უნდა გამიგრძელდეს.
![]() |
მე-17 საუკუნის ჩანახატი, ტოსა მიცუოკი. |