პირველი მეტასტაზი |
რას ვიფიქრებდი, რომ სულ რამდენიმე თვეში, ანია თბილისში ჩამოვიდოდა და დაუკრავდა. მე, რომელმაც პირველად გადავლახე საზღვარი, სტამბოლში ჩავედი, გავიარე უამრავი უცნობი ქუჩა, მივაგენი საკონცერტო დარბაზს და 13 თებერვალი ჯადოსნურ ღამედ ვაქციე, ახლა კი, 4 ივლისის საღამო იქცევა ასეთადვე.
სულ რამდენიმე თვეში, პრაქტიკულად, დაუჯერებელია.
Open Air-ზე მეორედ მივდივარ. მახსოვს, პირველი როგორი განსაკუთრებული, მხიარული, სადღესასწაულო იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ვუსმენ, რომლისთვისაც წავალ, ვიდგები ფეხზე, ხმამაღლა ვიმღერებ სიმღერებს და დავაკვირდები საყვარელ არტისტს, მაგრამ მუსიკის ფესტივალი ხომ ახალი მუსიკის აღმოჩენასაც გულისხმობს, ამიტომ სხვა ჯგუფებსაც დიდი ინტერესით ველი.
6 საათისთვის დავრეკე ფესტივალისთვის სპეციალურად გამოყოფილ "ტაქსი 5"-ში. ოპერატორმა, ოცი წუთი უნდა დაგველოდოო. წასვლას ვეღარ ვითმენდი, ამიტომ მამას ვთხოვე და მანქანით ამიყვანა.
ახალგაზრდობა ნელ-ნელა მიემართებოდა შესასვლელებისკენ. მშვიდად გავიარე რეგისტრაცია და ფესტივალის ტერიტორიაზე შევაბიჯე.
პირველი შთაბეჭდილება კარგია, მომწონს სივრცე და ობიექტების განაწილება. როგორც აღმოჩნდა, მთავარ სცენაზე ჯერ არავინ გამოსულა, ამიტომ დღეს, მის ყველა გამომსვლელს მოვუსმენ.
თავიდან ქართული ბენდები გამოდიან. ბალახზე დამსხდარ ადამიანებს შორის დავდივარ და ნაცნობებს ვხვდები, თან მუსიკას ვუსმენ, თან ჩემს თავზე, მალ-მალე გადამფრენ თვითმფრინავებს ვაკვირდები.
სცენაზე ცისფერკაბიანი გოგო და თმაში ბუმბულგარჭობილი ბიჭი გამოჩნდა, ეს ქართული ჯგუფი Gravity აღმოჩნდა. მათი შესრულება ყველაზე მეტად მომწონს. ამასობაში ნელ-ნელა წინ მივიწევ, კარგი ადგილის დაკავებას ვცდილობ.
შუა მეტასტაზი |
გონებაში სტამბოლის კონცერტი ბჟუტავს, ვადარებ. ტრადიციულად, ანია ჩუმად, მშვიდად იწყებს პიანინოზე დაკვრას. ქართველ მსმენელს უჭირს გადართვა სრულიად განსხვავებულ ჟანრში. შოგადაშიგ ისმის უკმაყოფილო შეძახილები. ანიასთვის გამოყოფილი დრო, ცოტაა, ამიტომ ის სწრაფად გადადის მეორე ეტაპზე. ფეხზე დგება და იწყებს კატატონიას. მსმენელი დუმდება, თუმცა მაინც უჭირთ. ძალიან რთულია საფესტივალო ჩარჩოებში მოქცევა, იქ იმდენნაირი მსნემელია, თუმცა მეორე მხარეც არსებობს: დარწმუნებული ვარ, დღეს ბევრმა აღმოაჩინა Soap&Skin.
ანია სცენას Boat Turns Toward the Port-ის გარეშე ტოვებს. მთვარეს მადლობას ვწირავ, რომ ამ სიმღერას არ მღერის.
ზევითკენ მივიწევ, შემჭიდროვებულ ხალხს ვარღვევ და მაღლა ვიკავებ ადგილს, ახლა სცენა უფრო კარგად ჩანს.
წელს უკვე ორჯერ მოვუსმინე ცოცხლად, კიდევ არ მჯერა, და თან, ძალიან უცნაურია.
სცენაზე ინგლისური ბენდი Archive გამოდის. პირველად ვუსმენ. თავიდან უგულისყუროდ ვარ, თუმცა ნელ-ნელა მიპყრობს ჰიპნოზური მელოდია. სრულიად ვეთიშები გარესამყაროს და მთლიანად მუსიკით ვხდები მოცული. სხეული ფართხალებს, გული გუგუნებს, ჰიპერაქტიული ვხდები. სხვა სამყაროში მგონია თავი.
4 ივლისის მთავარი სცენა სრულდება, ერთდროულად გამოფიტული და შევსებული შინისკენ ვბრუნდები. მთვარეულივით ვმოძრაობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მუსიკა მხოლოდ ცოცხლად შესრულებაში არსებობს თავისი ნამდვილი არსით.
ბოლო მეტასტაზი |