![]() |
მანგლისი ზემოთა მხრიდან |
სოფელი ალგეთი, მაღალი მთები, ხშირი ტყეები და მდინარის ხეობები, რუსი მოსახლეობა ბუდიონოვკაში, მანგლისის ცაცხვები და საცხოვრებელი კორპუსი, რუსული სკოლის შენობა, დიდი და პატარა როშჩა, ნაძვები, სოკოები, ველური ტყის კენკრა, წალკისკენ მიმავალი გზა, არსენას გამოქვაბული, ბურატინოს ტბა, მანგლისის ძველი ეკლესია... ქვემო ქართლის ეს ტერიტორიები, უპირობოდ, ჩემი ფავორიტია საქართველოში.
ზურგჩანთას ვალაგებ, ბარგს მანქანაში ვდებ და გულისფანცქალით მივუყვები მანგლისის ხეობისკენ გზას ოჯახთან ერთად. სახლი ერთადერთი კორპუსის მეოთხე სართულზეა. ვინმე იტყვის, ისევ კორპუსში ყოფნას, რა აზრი აქვსო. არ მოტყუვდეთ! მანგლისის ერთადერთ კორპუსში ცხოვრება, უამრავი სილამაზის ზემოდან ყურების საშუალებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ, უკიდეგანო, ტყიან ხედებზე.
რამდენიმე დღეს, უბრალოდ ვწევართ, ვჭამთ, გვძინავს, ვჭამთ და ისევ ვწევართ. მერე ნელ-ნელა სამოქმედო გეგმას ვადგენთ და ვცდილობთ, ყოველი დღე, ბავშვობის მოგონებების ხელახალ განცდად და აღმოჩენად ვაქციოთ.
არსენას ქვაბულები |
ბავშვობაში აქ ხის ხიდი იყო გადებული დიდ ლოდებს შორის. ახლა ყველაფერი შეცვლილია. როგორც ჩანს, დიდი წყალდიდობა დასტეხია თავს ხეობას.
შუა პიკნიკისას, უეცრად იღრუბლება და ქუხს, სასწრაფოდ მივემართებით შინისკენ, მაგრამ წვიმა გვასველებს. სახლში ვშრებით და ადიელებში ვიფუთნებით.
მდ. ალგეთი |
წალკის გზა |
უკანა გზაზე, კიდევ ერთ ჯადოსნურ ადგილას გავჩერდით. მხოლოდ მე მახსოვდა ის ადგილი, საიდანაც ტყეში შევდიოდით და შეშა გამოგვქონდა. არ დამიჯერეს, მე დავიჟინე და შევედით. რა თქმა უნდა, მართალი აღმოვჩნდი. ახლა ტყეში ის შესასვლელი სრულიად სხვანაირი ჩანს, ვერავინ მიხვდება, იქ თუ გზა და ბილიკი მიდის. როგორც კი შიგნით შევედით, ტყისა და ნეშომპალის ტენიანმა სურნელმა თავბრუ დაგვახვია. უამრავი სახეობის სოკოს თავები წამოეყოთ, ნელი სიო მწვანე ფოთლებს აშრიალებდა. პატარა ნაკადულის ირგვლივ, ეტყობოდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ბობოქალი წყალი მოსჩქეფდა. ახლა კი, აი ასეთი, წვრილფესვიან ღელედ ქცეულიყო:
სახლში დაბრუნებულები, მზის ჩასვლას გავცქეროდით და კიდევ დიდხანს გვიტრიალებდა თავში განცდილ-გადატანილი მოგონებები, რომლებმაც შემდეგ, ძილი მოგვგვარეს და სიზმრებად იქცნენ.
მაგლისის უკან მდებარე გორაკებზე თუ ყოფილხართ? ძალიან ლამაზი ხედი იშლება, აუცილებლად ცადეთ ასვლა. ჯერ ვრცელი ყვავილებით მოჩითული ველია, ხოლო ზევით, ნაძვნარი. ძირს უამრავი გირჩი მოკალათებულა, ობობებს ქსელები გაუბამთ, ხოლო ფუტკრები ბზუილით გადადიან, ერთი ფერის ყვავილიდან, მეორეზე:
ტყეში ბევრი ვიარეთ. ამასობაში დიდ, გადამტვრეულ ნაძვს მივადექით, რომელსაც ტოტებით, კარავივით გაეკეთებინა თავშესაფარი. იქ, პატარა კოცონი დავანთეთ და ძველი მაგებივით შემოვუსხედით ცეცხლს, ტყის სულების ამბების მოსასმენად.
გულმა არ მოგვითმინდა და სხვა დღეს, ისევ მდინარე ალგეთთან ჩავედით. კალაპოტი სავსე იყო ნაშალი ქვითა და ღორღით. უზარმაზარი ხეები მიჯრით მიწოლილიყვნენ ერთმანეთზე: ზოგი უკვე გამხმარიყო, ზოგიც ხმებოდა. მთის ფერდობები დამეწყრილი და მიწადახეთქილი იყო. საკმაოდ საშიშ შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს ყველაფერი. მდინარე ზოგან ღრმა იყო, ზოგან კი, ფერად ქვებსაც დაინახავდი. წყალში დავდიოდით და მზეს ვეფიცხებოდით, რომელიც მდინარის სიგრილეში, აღარც ისეთი მკაცრი ჩანდა.
კიდევ იყო ბევრი სეირნობები, როშჩები, ძველი სახლები, მზის და ცის თერაპიები, მერცხლის ჟივილ-ხივილები, ღამისთევები, ღამის ცაზე ჩამოცვენილი ვარსკვლავების დათვლები, თანავარსკვლავედები, წვიმები და ღრუბლები...
ყველაფერი ხომ, ნამდვილად, არ ითქმის.