ეს კაცი 2006 წელს გავიცანი. იმ დროისთვის ვმოგზაურობდი და მის საცხოვრებელ ადგილს შემთხვევით გადავაწყდი. როდესაც იქ მივედი, ძალიან დავინტერესდი. ლაპარაკი დავუწყე და კითხვების დასმა, მაგრამ მას საუბარი არ სურდა. შევეკითხე: "რა გქვია? გაქვს სახელი?". მან მიპასუხა: "სახელი არ მაქვს". მას ჩემთან კომუნიკაცია ენის საშუალებით არ სურდა, ამიტომაც წარსულზე ვერაფერს ვკითხავდი. ამ კაცმა ცნობისმოყვარეობა აღმიძრა, რადგან ის მთელ დღეებს ამ მიწის ნაკვეთის მოვლაში ატარებს. მთელი წლის განმავლობაში შრომობს. მუდამ მუშაობს, თავიდან ნიადაგს ანაყოფიერებს, შემდეგ კი ამ მცენარეებს თესავს. ეს ფილმი დიდი შუალედებით გადავიღე... როდესაც ის 2006 წელს გავიცანი, ნელ-ნელა გადაღებაც დავიწყე, თუმცა სხვა პროექტებითაც ვიყავი დაკავებული, ამიტომ ერთმანეთს ყოველ სამ-ოთხ თვეში ან ნახევარ წელში ვხვდებოდით. ასე რომ, მასალის შეგროვება ნელ-ნელა დავიწყე და 2009 წელს ფილმიც დავასრულე.
ის არ არის ადამიანი, რომელიც მოწყალებით ცხოვრობს, არამედ საკუთარი შრომით. გარდა ამისა, მას კონტაქტი არ აქვს ადამიანებთან, არავისთან ურთიერთობს. ასე რომ ვფიქრობ, ეს ადამიანი საინტერესო იმითაა, რომ საკუთარ საკვებზე თავად ზრუნავს. მნიშვნელობა არ აქვს იმას, ამას რატომ აკეთებს ან წარსულში რას საქმიანობდა, ამის შესახებ არც მინდა რომ ვკითხო, რადგან ახლა ის საკუთარი გზით ცხოვრობს, თავისებურად. ის მოწყალებას არავის თხოვს. უკვე რვა წელია ვიცნობ და ყოველთვის ასე იყო. ასეთია ჩემი პერსონალური შთაბეჭდილება... მე კვლავ მივდივარ ხოლმე მის სანახავად რამდენიმე თვეში ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღება დავასრულე. ყოველ ჯერზე, როდესაც მის სანახავად მარტო მივდივარ, არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ თუკი ჩემთან ერთად სხვა ვინმეცაა, ის მასთან კომუნიკაციას არ ამყარებს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს კაცი შემდეგ რამეზე მიგვანიშნებს: თუკი ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ, თუკი არავინ გვეყოლება, ზუსტად ისეთივე ცხოვრება გვექნება, როგორიც მას აქვს. მაგრამ მჯერა... ვგრძნობ რომ... მოკლედ, მჯერა, რომ ამ ადამიანს ღირსება აქვს.
ადამიანების უმეტესობას, იმისთვის რომ იცხოვრონ, სხვებთან ერთად უნდა იყვნენ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ სურთ სხვებთან ერთად ცხოვრება. ვფიქრობ, ეს ჩემშიცაა. ვერ ვიტან ბევრ ადამიანთან ერთად ცხოვრებას. რა თქმა უნდა თუკი ადამიანს არ სურს სხვებთან ერთად ცხოვრება, ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ასე რომ როდესაც ამ კაცთან ერთად ვარ ან იმ მინდორზე ერთად ვზივართ, თავს მსუბუქად ვგრძნობ. მჯერა, რომ ჩემს ყოველ ნახვაზე, ისიც იმავეს გრძნობს. მისგან მტრობას და წუხილს არ ვგრძნობ. ასევე ჩვენ არ ვლაპარაკობთ, უბრალოდ კომუნიკაციის მარტივ გზას მივმართავთ. ეს მოდუნებულს გვხდის, რადგან არ ვფიქრობ რომ... არ განვიხილავ მის ცხოვრებას, როგორც... რა თქმა უნდა თუკი მეტყვის რომ დახმარება სჭირდება, მე მზად ვარ დავეხმარო, ამის პრობლემა არ მაქვს. მაგალითად, ზოგჯერ ვეკითხები: "ფული ხომ არ გინდა? თუ გჭირდება შემიძლია მოგცე". მტკიცე უარი მითხრა. შემდეგ ვკითხე სხვა რაიმე თუ უნდოდა. ზოგჯერ მეუბნება, რომ სიგარეტი უნდა, ან სხვა ყოველდღიური საჭიროებები, მაგალითად, სანთებელა.
მის ნასახავად გაზაფხულზე უფრო ხშირად მივდივარ, რადგან რეალურად შემოდგომითა და ზამთარში პრობლემები არ აქვს. შემოდგომით მარცვლეული და სხვა რამეები აქვს, ასე რომ არაა გასაჭირში. გაზაფხული ყველაზე საშინელი დროა, მეშინია ხოლმე რომ საჭმელი გამოელევა. ასე რომ გაზაფხულობით ხშირად მივდივარ და რაღაცები მიმაქვს. ის ყველაფერს სიამოვნებით იღებს, რაც მიმაქვს. როდესაც ეს ნივთები მივუტანე... მაგალითად, ზოგჯერ საჭირო საგნებს ვყიდულობ, როგორიცაა ცული ან ბარი, ან თბილი ტანსაცმელი, როგორიცაა საწვიმარი ლაბადა.
ძალიან უცნაური იყო, ერთხელ ეს ნივთები მისი სახლის ხვრელთან დავალაგე. შემდეგ კი სხვა მხარეს ვიდექით ორივე, სადაც ის მუშაობდა. როცა დავბრუნდით, დავინახეთ, რომ ეს ნივთები გამქრალი იყო. ვფიქრობ... მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ტრივიალურია, მჯერა ასეთი რაღაცების... რატომ უნდა სურდეს სხვა ადამიანს... არ ვიცი რა ითვლება ნორმალურ საზოგადოებაში წესიერებად, თუმცა უბრალოდ მჯერა, რომ სხვისი ნივთი არ უნდა აიღო, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა. ვფიქრობ, ბარი ან რაღაც ტანისამოსი ძვირი სულაც არ ღირს, მაგრამ თუკი მათ იქ დადებ, სხვამ რატომ უნდა წაიღოს, ესაა ის რაზეც მეფიქრება, მაგრამ ვერ ვიგებ. ამ კაცს ჩემთვის არაფერი უთხოვია, ის არასოდეს დაინტერესებულა იმ ნივთებით, რომელიც მივუტანე. ზოგჯერ რაც მიმაქვს, რაღაცებს არ მართმევს ხოლმე. არ ვიცი მისი წარსული, მაგრამ ვფიქრობ ის ის ადამიანია, რომელთანაც კომუნიკაცია შემიძლია. არასოდეს მიფიქრია მისი ცხოვრების შეცვლა. მე ნამდვილად მომწონს ის და სწორედ ამიტომაც გადავიღე ეს დოკუმენტური ფილმი. ასე რომ, არ ვიცი რა მნიშვნელობას იწვევს ეს ფილმი სხვებში. მაგრამ მე პერსონალურად ვფიქრობ, რომ ძალიან მინდოდა ამგვარად გადამეღო ეს ადამიანი.
ბინ ვანის სიტყვა ჯიჰლავას კინოფესტივალის მასტერკლასიდან, რომელიც 2014 წელს ჩატარდა.